ბენზინი: ისტორია, ფასები და სამომავლო პროგნოზი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბენზინი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობა, გადაადგილებისათვის იყენებს ტრანსპორტს, რომლის ძრავაც საწვავს მოიხმარს. მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოს გეგმისა, რომელთაც საწვავზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლება სრულად ელექტრო ავტომობილებით სურთ, მრავალ ქვეყანაში, საწვავი ადამიანების შეუფერხებელი ცხოვრების მნიშვნელოვან ატრიბუტად რჩება. 

ისტორია 

ნავთობპროდუქტები და მათ შორის, ბენზინი კაცობრიობის ისტორიაში ბევრად უფრო ადრე იკავებს ადგილს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. ათასობით წლის წინ, ადამიანები ნავთობს სინათლისთვის (ლამპების ასანთებად) და ასევე, სამშენებლო მასალადაც იყენებდნენ. როგორც ცნობილია, ნავთობის ყველაზე ადრეული ჭაბურღილები, ჯერ კიდევ 347 წელს, ჩინეთში არსებობდა.

ნავთობის თანამედროვე ინდუსტრიის ისტორია 1847 წელს, შოტლანდიელი ქიმიკოსის ჯეიმს იანგის აღმოჩენით დაიწყო. იანგი რიდინგის ქვანახშირის მაღაროში ნავთობის ბუნებრივ გამოჟონვას აკვირდებოდა და ამ პროცესის ფარგლებში გამოჟონილი ნავთობისგან გამოხადა ნათურებისათვის იდეალური თხელი კონსისტენციის ზეთი და ასევე, შედარებით სქელი ზეთიც, რომელიც გაპოხვისთვის გამოდგებოდა. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იანგი სულაც არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ნახშირზე ჩატარებული ცდების შედეგად სასურველ შედეგს აღწევდა: სუფთა ბენზინის გამომგონებლად მაიკლ ფარადეი მიიჩნევა, რომელმაც 1825 წელს ნავთობპროდუქტებზე ცდების ჩატარების დროს საავტომობილო ბენზინის საწვავი „გამოხადა“. ამ პერიოდში, ფარადეის მიერ აღმოჩენილ ბენზინს ლონდონის ქუჩების გასანათებლად იყენებდნენ. 1876 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც გერმანელმა ინჟინერმა ნიოლაუს აუგუსტ ოტომ საწვავზე მომუშავე ძრავა შექმნა, ბენზინის გამოყენებამ საავტომობილო და საავიაციო ინდუსტრიაში გადაინაცვლა და განსაკუთრებული პოპულარობა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მოიპოვა. 

შესაბამისად, მეოცე საუკუნეში, ნავთობის ღირებულება და მნიშნველობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობა მომრავლდა. ამ დროისათვის, უკვე არსებობდა BP (British Petroleum), რომელიც დღემდე მსოფლიოს რიგით მეექვსე ყველაზე დიდი კომპანიაა ნავთობისა და გაზის მოპოვების კუთხით. 1960 წელს, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა, ვენესუელამ და საუდის არაბეთმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) დააარსეს. დღესდღეობით კი, OPEC-ს 13 წევრი ქვეყანა ჰყავს, რაც ნავთობის გლობალური მოპოვების დაახლოებით 38%-ს და მსოფლიო ნავთობის მარაგის 79%-ს შეადგენს. 

ღირებულება

საწვავის ფასი ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით იმატებს, ან იკლებს. მაგალითად, მაშინ, როცა 2019 წლიდან მსოფლიოს კორონა ვირუსის პანდემიამ შემოუტია და შესაბამისად, საწვავის მოხმარება მსოფლიოს ყველა კუთხეში საგრძნობლად შემცირდა, საწვავის ფასმაც კლება დაიწყო. გარდა მოთხოვნა მიწოდებისა, საწვავზე მოქმედებს ისეთი საკითხები, როგორიცაა ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური ურთიერთობა და ზოგადი ფონი, ეკონომიკური კრიზისი და სხვა. 

საქართველოში კი, ამ ფაქტორებთან ერთად, ბენზინის ღირებულებაზე განსაკუთრებულ გავლენას მსოფლიო ნავთობის ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი ახდენს. 

2022 წლის მარტში, საქართველოში ქსელურ ავტოგასამრთ სადგურებზე საწვავის (ბენზინის) ღირებულება, საშუალოდ შემდეგ ნიშნულს აღწევდა: 

  • რეგულარი - 3.22-3.39 ლარი;
  • სუპერი - 3.39-3.49 ლარი;
  • პრემიუმი - 3.31-3.45 ლარი;

2023 წლის მონაცემებით კი, ბენზინის მიმდინარე ღირებულება შემდეგია: 

  • რეგულარი - 2.49-2.77 ლარი;
  • სუპერი - 3.55-3.59 ლარი;
  • პრემიუმი - 2.85-3.06 ლარი;

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აცხადებს:

„2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,60 ათასი ტონა, რაც 0,20 ათასი ტონით ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით“.

სამომავლო პროგნოზი

საწვავის ფასის სამომავლო პროგნოზი, პირველ რიგში, დამოკიდებულია ნედლი ნავთობის ღირებულებაზე. როგორც ექსპერტები ამბობენ, მომავალი ორი წლის განმავლობაში, ნედი ნავთობის ფასი შესაძლოა შემცირდეს.

EIA-ს (Energy Information Administration) შეფასებით, 2023 წლისთვის ბენზინის საცალო გაყიდვების ფასის პროგნოზი, 1 გალონისთვის 3.55$-ი იქნება. 

„იმ ბაზრებზე, რომლებიც ბენზინის მოხმარების კუთხით უმსხვილესია, 2023 წელს მოსალოდნელია მკვეთრი შემცირება, რაც თავის მხრივ, სავარაუდოა, რომ ბენზინის საშუალო წლიურ ფასსაც შეამცირება.“ - აცხადებენ Fitch Solutions-ში. 

თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ პროგნოზი საწვავის ღირებულების შესახებ, მუდმივ გადამოწმებას საჭიროებს, ვინაიდან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები დიდ გავლენას ახდენს ნავთობის ღირებულებაზე.

განთავსებულია:2023-02-16 20:13:04
ნახვა:0